წიგნის კითხვა ზრდასრულობაში

ავტორი: ელისაბედ კეჟერაძე

ისე უეცრად აღმოვაჩინე, რომ სტრესის დროს სქელტანიან წიგნებს ვეტანები, როგორ უეცრადაც ამ პოსტის დაწერა გადავწყვიტე. რაც უფრო იზრდები, უფრო მეტი საქმე გემატება და პატარა წიგნებისთვისაც ძლივს თუ იპოვი დროს, მაგრამ რთულ მომენტებში, მმმ, სქელტანიანი წიგნები უფრო საიმედო სამლავად გეჩვენება. უფრო დიდია, უფრო მყარია, დიდი დრო დაგჭირდება წასაკითხად და შესაბამისად, შენი ფიქრებისა და საქმეებისგან უფრო დიდხანს იქნები დაცული.

ლექციებს შორის შესვენებაზე რომ დაგინახავენ წიგნით ხელში და შეეგეკითხებიან მაგისთვისაც გრჩება დროო? პასუხი მარტივია, რომ არ მრჩება, იმიტომ ვკითხულობ ახლა და აქ. მერე ისმის რეპლიკა – ჰო, მეც ძალიან მიყვარს კითხვა, მაგრამ ვერ მოვიცალე. მე ეგეთი სიყვარულის არ მწამს, მეგობარო, მაგრამ მე ვინ ვარ, რომ განგსაჯო?!

იმ სიყვარულის მწამს, ყოველ დილით 9 საათზე ავტობუსის ერთი და იგივე ადგილას რომ მხვდება და უსქელეს წიგნებს კითხულობს. საკმაოდ ნელა, ალბათ, მასაც არ აქვს ბევრი დრო. დიდი ხნის შემდეგ ეს გოგო პირველად დღეს ვნახე, მინდოდა გამოვლაპარაკებოდი და მეთქვა, რომ სწორედ მან მიბიძგა ავტობუსში კითხვა დამეწყო და მის გამო წავიკითხე ,,ბიჭის ცხოვრებაც“. პირველად რომ ვნახე, სწორედ ამ წიგნს კითხულობდა, მაგრამ შორს იყო და ახლოსაც რომ ყოფილიყო, ალბათ, მაინც ვერ ვეტყოდი.

პირველი წიგნი, რომელსაც ასე შევაფარე თავი ანა გავალდას ,,უბრალოდ ერთად” იყო, რომელზეც პოსტიც დავწერე და მგონი, არც ეტყობა, რომ ჩემი თავშესაფარი იყო მაშინ.

ახლა სალმან რუშდის ,,ოქროს სახლში“ ვიმალები. დიდი ხანია არაფერი მომწონებია ასე ძალიან. კინოა თუ წიგნი ჯერ კიდევ ვერ გავრკვეულვარ, მაგრამ საოცრად აღწერილი ამბავია ოჯახისა, რომელიც საკუთარ იდენტობას მალავს და ახალს ქმნის ცხოვრების თავიდან დასაწყებად.

აქამდეც უდიდესი სიყვარული გამაჩნდა სალომე ბენიძის მიმართ. მისი ,,ქალაქი წყალზეც” ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნია. წიგნი კი არა, სახლია, რომელშიც დროთა განმავლობაში აუცილებლად უნდა დავბრუნდე. და ესეც არაჩევულებრივად აქვს ნათარგმნი.

როგორც მთხრობელი ამბობს: ,,ყოველთვის მძაგდა უცხოსთან ცხოვრების დასალაგებელი რჩევებისთვის მისვლის იდეა. თავად ყოველთვის ,,მინდა ვიყო მთხრობელი“ ვიყავი და იმის გაფიქრებაც კი, რომ ვიღაც ჩემს ამბავს ჩემზე უკეთესად გააანალიზებდა, ძრწოლას მგვრიდა.“ ის ფაქტიც, რომ ბევრი კითხვისგან დაღლილი ისევ წიგნს ვუბრუნდები, უცნაურია, თუმცა სტრესი და თავის ტკვილი 2 გვერდში ქრება და უკვე მეხუთე გვერდზე ძალა მაქვს, რომ ისევ დავუბრუნდე საქმეს, რომელიც არც მეტი და არც ნაკლები სამედიცინო წიგნების კითხვაა. ,,ცხოვრება გამოცდების გარეშე ცხოვრება არაა, თქვა სოკრატემ და საწამლავი დალია”

,,ოქროს სახლის” ყველა პერსონაჟი განსხვავებულია და იმდენად რეალურია, რომ ერთთან მაინც იგრძნობთ სიახლოვეს, თუ ყველასთან არა. ნერო გოლდენი და თავისი ვაჟები რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. სხვანაირად უყურებენ ყველაფერს. სხვადასხვა ინტერესი გააჩნიათ, ცხოვრების სხვადასხვა წესი, მხოლოდ ერთი აერთიანებთ – წარსული.

წიგნში აღწერილია რამდენიმე ადამიანის ბრძოლა საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან. ,,გაურბოდა ყველაფერს და თან, იცოდა, რომ წინ უნდა წასულიყო, იცოდა, რომ ამას ვერ ასცდებოდა, მაგრამ რასაც გარდაუვლად მიიჩნევდა, არ მოსწონდა. სძულდა ფაქტი, რომ ვერაფერს შეცვლიდა და ამიტომაც ტრიალებდა ქარიშხალი მის გარშემო.“ აღწერილია, როგორ უჭირს ადამიანს იმის აღიარება, თუ ვინ არის და პარალელურად მეორე ძმამ კარგად იცის, ვინ არის, უბრალოდ, ცხოვრება ვერ აღიარებს მას. აქვეა მთხრობელი, რომელიც უცხოა ოჯახისთვის, მაგრამ მაინც მოახერხებს მათთან დაახლოებას და საკუთარი ფილმის სცენარს ამ ოჯახის ბედნიერ უბედურებაზე დაწერს. ბედის ბორბალი მასაც არ დაინდობს და ამ ოჯახის თავგადასავალში ისიც გაეხვევა და მისი კომფორტი, არაკომფორტული გახდება. დახატულია ორი განსხვავებული ქალის სახე, ერთი ძალიან ცბიერი და წინდახედული და მეორე დამოკიდებელი და განცალკევებული ყოველგვარი ცდუნებისგან.

ნამდვილად დიდი, საინტერესო თავგადასავალია და თქვენც, როგორც მკითხველს პასუხების მოძებნა, განსჯა, გადაფასება და დაცვა მოგიწევთ. ისევე როგორც ზრდასრულ მკითხველს საკუთარი გრაფიკში წიგნის წაკითხვისთვის დროის მოძებნა და დაცვა მოუწევს.