1+1=1

90799471_515502695822477_4880930564661575680_n

ავტორი: ანა დიასამიძე

ახლა, წესით, პათოლოგიის სიტუაციურ ამოცანებს უნდა ვაკეთებდე, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ,  გავრცელებული ვირუსის გამო, ქართველმა რეჟისორებმა დროზე ადრე გამოიტანეს თავიანთი ნაშრომები მზის შუქზე, გვერდი ვერ ავუარე და ჩავუჯექი.

ქართულ ფილმოგრაფიასთან, სამწუხაროდ, თქვენობით ვარ და ჩავთვალე, რომ სწორედ ის დრო იყო, როცა შენობით ფორმაზე უნდა გადავსულიყავი. გადაწყვეტილი მქონდა, რომ 5 ფილმზე ერთად დამეწერა „რეცენზია“, თუმცა  უკანასკნელმა ფილმმა გადამაფიქრებინა უკანასკნელმა ფილმმა, რომელსაც ჰქვია „საშიში დედა“.

ძალიან ცოტა რამ რეჟისორის შესახებ: Google- ი მეუბნება რომ ანა ურუშაძემ მოღვაწეობა დაიწყო მოკლემეტრაჟიანი ფილმით, რომელიც გადაღებულია 2012 წელს.

არასაინტერესო ინფორმაციით რომ არ დაგტვირთოთ, უშუალოდ ფილმზე  დავიწყებ საუბარს.

ფილმის მთავარი პერსონაჟი ვერშემდგარი მწერალი  მანანაა, რომელსაც არაფერი სჭირდება გარდა სივრცისა, რათა განუწყვეტლივ წეროს და წეროს. ამ პერსონაჟის ტკივილი მრავალგვარია, როგორიცაა მაგალითად: იმ ადამიანის გვერდით ცხოვრება, რომელსაც თურმე შენი არ ესმის და თითქმის დამთავრებულ წიგნს ერთი ხელის მოსმით გინადგურებს; იმ ტკივილით ცხოვრება, რომელსაც ჰქვია დედის თვითმკვლელობა და ყველაზე მთავარი, რომელსაც ჰქვია საკუთარი თავი.

მანანას საკუთარ თავზე ახსენდება ფილიპინური მითოლოგიური არსება სახელად Manananggal, რომელიც სიტყვა-სიტყვით ითარგმნება:  „ის ვინც საკუთარ თავს ხლეჩს“ და სწორედ ეს არსებაც ღამით ორად იხლიჩება, რომლის ერთი ნაწილიც მიწაზე რჩება,  მეორე ნაწილი კი მემბრანულ ფრთებს შეისხამს და მიფრინავს სანადიროდ. რომ მკითხოთ, ყველაზე კარგად სად ჩანს მანანას პიროვნებაო, სწორედ  ამ სცენას დაგისახელებდით. არსებობს ორი მანანა:

  1. რუტინული ცხოვრების მქონე ქალი ყოველდღიური საქმეებით.
  2. საკუთარ თავთან დარჩენილი საშიში არსება, რომელიც მოსიარულე ნაღმს წარმოადგენს, როგორც საკუთარი თავისთვის, ისე გარშემომყოფთათვის.

ჩემთვის (და ალბათ არა მარტო) ღრმა და მრავლისმთქმელი სწორედ ის მანანაა, რომელსაც ოთახი სჭირდება წითელი განათებით, სადაც შეუძლია საკუთარი ვნებები, ფიქრები და გრძნობები ჩარჩოში არ მოაქციოს. წითელი ფერი ხომ სწორედ ამ ყოველივეს დასაბამს აძლევს ან აღვიძებს.

მანანას (დედამისსაც) პატარაობიდანვე ეშინოდა ამ მითოლოგიური არსების, თუმცა თანდათან სწორედ იმად იქცა, რისი შიშიც ჰქონდა და ასე ძალიან გაურბოდა. ჩვენც ხომ ზუსტად ასე გვემართება. ხარ გარემოში, სადაც არ გინდა ყოფნა, მაგრამ თანდათან თითოეული საგანი იწყებს შენში გადმოლაგებას და საბოლოოდ გშთანთქავს.

 

ენერგიის მუდმივობის კანონის მიხედვით იზოლირებულ სისტემაში არსებული ენერგია, მუდმივია, ის არ შეიძლება არსაიდან შეიქმნას ან  გაქრეს. იგი განიცდის გარდაქმნას  და შეუძლია იცვალოს მხოლოდ ფორმები. ენერგიის მსგავსად არსად გამქრალა დედამისის „ბოროტება“, რომელიც შეცვლილი ფორმით (გაძლიერებული ან შესუსტებული) გადავიდა  მანანაში და, სავარაუდოდ, გააგრძელებს მის შვილშიც. მანანას არ მოსწონდა დედის ცხოვრება და საბოლოოდ შვილებსაც მსგავსად ექცეოდა და გადაიქცა საკუთარ გამზრდელ დედად, რომელმაც მანანა შთანთქა და დაამახინჯა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ფილმი დასასრული, რომელიც, ვფიქრობ, ყველას გაკვირვებულს დაგტოვებთ, როგორც შესრულების, ისე სცენარის მხრივ. დასასრულის ყურებისას  ალბათ თქვენც  გაგახსენდებათ ცნობილი რეჟისორის დენი ვილნევის  ერთ-ერთი ფილმის მშვენიერი დასასრული თავისი შინაარსით.

ვფიქრობ, კიდევ ბევრის თქმა შეიძლება ფილმის სოციალურ მხარეზე, გავრცელებულ კლიშეებზე, მაგრამ ეგ „საქმე“ სხვებისთვის მიმინდვია.

მოკლედ, მშვენიერი პერიოდია, რომ ჩაუსხდეთ ქართულს ფილმებს და ჩემსავით გაკვირვებულები დარჩეთ 21-ე საუკუნის ქართული ფილმოგრაფიით.

90728466_2608316919291363_1640447898120355840_n