ივნისები და კლუბის ხასიათი

65667176_330419287895364_2074861089668988928_n

ავტორი: მაია მენაბდე

უცნაურ თვედ იქცა ივნისი ბოლო წლების საქართველოში… ტრაგედიის, ტკივილის, ცრემლის, მაგრამ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანისა და გადამწყვეტის ცხოვრებაში – ერთად დგომის, ერთმანეთის თანაგრძნობის და იმ აუცილებელი სიტყვების თქმის, რომლებსაც, სამწუხაროდ, იშვიათად ამბობენ და რომლების ხშირად გამეორება ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:

აი, ასეთი კარგი ახალგაზრდობა გვყავს ჩვენ!

ჰო, სწორედ ახალგაზრდები იდგნენ იქ, სადაც ნაკლებად ელოდნენ.

ისინი მთელი ღამე იბრძოდნენ სხვების გადასარჩენად;

ისინი ტიროდნენ დაღუპული თანატოლების გამო და უთანაგრძნობდნენ მგლოვიარეებს.

ისინი დღეების განმავლობაში, დაუღალავად, შეუსვენებლად ცდილობდნენ, გაეწმინდათ ქალაქი ურჩხულად ქცეულ მდინარის დატოვებული შლამისაგან და უფროსი თაობის წარმოდგენები – ახალ თაობაზე შექმნილი არასწორი სტერეოტიპებისგან…

ისინი არასოდეს ყოფილან აფხაზეთში, არც მისი დაკარგვა განუცდიათ, არც ომისგან გადაგვარებული ახლგაზრდობა შეხვედრიათ, არც უამრავი ლტოლვილის ტკივილით სავსე, დამფრთხალი თვალები და ლამის დავიწყებული ქართული უნახავთ.

მათ რამდენიმე დღეში დაკარგული ცხინვალის ამბავიც და აბსურდული, უთანასწორო ომიც ბუნდოვნად ახსოვთ, მაგრამ მაინც იციან და მტკიცედ სჯერათ, რომ რუსეთი ოკუპანტია!

ამიტომ დადგნენ იქ, სადაც უნდა მდგარიყვნენ და მიუშვირეს სიმართლის დამნახავი თვალები რეზინის ტყვიებს!

ეს ახალგაზრდები გუშინ ბავშვები იყვნენ, სკოლებში დადიოდნენ, აი, ასეთ პატარ- პატარა კლუბებში ერთიანდებოდნენ, უფროსებისგან სწავლობდნენ და ერთმანეთს ასწავლიდნენ იმას, რაც მერე დიდი საქმეებისთვის გამოადგებოდათ…იმიტომ, რომ ასეთ რამეს ერთ ღამეში ვერ ისწავლიდნენ. ასეთ მნიშვნელოვან რამეებს თანდათან და ძალიან ნელა სწავლობენ ადამიანები.

მე მგონია, რომ ჩვენს კლუბშიც რაღაც მსგავსი ხდება…

სიტყვაზე დიდი ძალა რომ არ არსებობს, ჩემი მოგონებული არაა: დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყოო – იოანეს სახარება იწყება ასე. ყველაზე მეტი სიტყვა რომ ლიტერატურაშია შენახული და ამიტომ განუზომელი გამოდის ლიტერატურის ძალა – არც ესაა დაუჯერებელი, მგონი და სწორედ ამიტომ, ჩვენს კლუბსაც რომ დიდი ძალა აქვს, ლოგიკურად გამოდის უკვე.

კლუბში გაერთიანებული ადამიანები განსაზღვრავენ კლუბის ხასიათს.

ჩვენს კლუბს უყვარს, როცა ერთად ვაკეთებთ რაღაცას, ერთმანეთის აზრს ვითვალისწინებთ და ერთმანეთის მოსმენა შეგვიძლია.

თავიდანვე ძალიან საქმიანი და აქტიური იყო კლუბი, სამის ბევრზე გადამამრავლებელი, რადიკალურად განსხვავებული ხასიათების იდეალურად დამკავშირებელი, ფუსფუსა და ხმაურიანი. ყველას მიმღები და გამაერთიანებელი.

მერე თანდათან შიში შეეპარა, ამ აფუსფუსებული, მოლაპარაკე და წიგნებივით მოშრიალე ბავშვების დაკარგვის შეეშინდა. ეგონა, რომ ერთ დღესაც დაივიწყებდნენ… მადლობა ღმერთს, არ დაუვიწყიათ!

მაგრამ ხასიათი მაინც შეეცვალა: ცოტა გოგოური გახდა, ოღონდ ნაზი და მორცხვი კი არა, ცუღლუტ- ხალისიან- გოგოური, სიახლის მაძიებელი, ძალიან აქტიური, ბევრის მკითხველი, უფრო ბევრის გამკრიტიკებელი, ისევ უამრავი რამის დამგეგმავ – გამკეთებელი, მუდამ მოკამათე …

დრო გავიდა და ისევ შეეცვალა ხასიათი: უფრო დადინჯდა, ცუღლუტობას შეეშვა, საქმიანი გახდა და რომ არ მოეწყინა, შედარებით პატარებს გაუღო კარი.

ეს მულტფილმის გმირებივით პატარებიც ერთ დღეს წიგნებივით აშრიალდნენ, ისინიც საქმიანები გახდნენ, მაგრამ თან პინგ- პონგის ბურთებივით ასკდებოდნენ კედლებს. ამიტომაც კლუბმა კედლები გააჩოჩა, გააფართოვა, უკეთესად რომ ესუნთქა, გარეთ გავიდა, სხვა გოგო- ბიჭები შემოიკრიბა, შემოიტყუა თავისი ხიბლით.

ახლა კლუბი ძალიან ბედნიერია, მორჩილად იტანს ამ ხელში შემოზრდილი პატარების ყველა ახირებას, წვეტიან აზრებს, უადგილო თუ ადგილიან პროტესტს, ხელმძღვანელის მოულოდნელ გაბრაზებას, უცებვე გაჩენილ და წუთებზე გათვლილ მის დიქტატურას.

მასეთები გადაუტანია?!

კლუბს კიდევ ბევრჯერ შეეცვლება ხასიათი, მაგრამ არის რაღაცები, რაც უცვლელი რჩება და უნდა დარჩეს კიდეც: ერთად კითხვა, ერთად ფიქრი, ერთმანეთის გულისყურით მოსმენა, ემოციების დაუფარავად ფრქვევა, გამოსავლის ერთად ძიება, ახალი იდეების ერთმანეთისთვის გაზიარება და მათი განხორციელებისთვის ერთად ზრუნვა.

რამდენიც უნდა გვაშოროს ღმერთმა, განსაცდელის გარეშე ცხოვრება არ გამოდის. კლუბი და წიგნები არ ამხელენ თორემ, სინამდვილეში ამ რთული მომენტების ადვილად გადალახვისა და იმისთვის გვამზადებენ, რომ არც ერთი ივნისის აღარ შეგვეშინდეს.

64868602_2385786808332783_4010665552203743232_n

 

Advertisements