დიდგოგოობა და ,,ქალაქი წყალზე“

 

ანა-ულრიკე

ავტორი: ელისაბედ ჯანჯღავა

ილუსტრაციების ავტორი: თათია ნადარეიშვილი

დიდური სამყაროს ერთ-ერთი კანონი სიყვარულია. ზოგიერთები რომ ამ კანონს არღვევენ, ამაზე მოგვიანებით. ყველას უყვარს ვიღაც. ან უყვარდა. ან შეუყვარდება. ეს გარდაუვალი მგონია და დიდობაზე ამბიციის გაჩენასთან ერთად ჩემთან თვით სიყვარული მოვიდა. ლამაზი იყო ჩემი სიყვარული, მწვანე, გაზაფხულისფერი თვალები ჰქონდა, მაგრამ მეც, როგორც ალბათ, ყველა ჩანჩურა გოგოს, შიშმა დამიკარგა მოსვენება – სიკვდილის შიშმა, რომ მოვიდოდა სიკვდილი, უფრო საზარელი, ვიდრე ის, რომელიც კლავს და ჩვენ იმაზე ადრე დაგვანგრევდა, ვიდრე ამაზე გაფიქრებას, ან მეტიც, ვიდრე ამის უარყოფას მოვასწრებდით. დიდურ სამყაროში ზოგჯერ ისიც ხდება ხოლმე, რომ შიშები ცხადდებიან და მოვიდა ჩემთან და ჩემს სიყვარულთან სიკვდილი. ვერაფერს ვიტყვი, ლამაზი სიკვდილი იყო, ქერა და მაცდური ღიმილით. ჰოდა, ადგა და გაჰყვა ეს ჩემი სიყვარული სიკვდილს ისე, რომ ვერც კი მიხვდა, მისი სიკვდილით სხვას რომ კლავდა ორმაგად.
ეფი
ბევრი რამ ხდება ჩვენს ცხოვრებაში. ცუდიც და კარგიც. ამას ვერ შევცვლით ვერც ჩვენ და ვერც ვინმე სხვა. ზოგი ცუდი ამბის მერე ცდილობ, ადგე და გზა ისე გააგრძელო, თითქოს არც არაფერი მომხდარა. ეს ხან გამოგდის, ხან არა. ასეთ დროს იმ წიგნს თუ წაიკითხავ, ,,ქალაქი წყალზე“ რომ ჰქვია, მიხვდები,თითქოს კი არა, მართლა გამოგდის თავაწეულს გზის გაგრძელება. არავის, საერთოდ არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, უბრალოდ, მგონია,  ამ წიგნს გოგოები გავიგებთ. გავიგებთ ზუსტად ისე, როგორც სალომემ დაწერა. ამ წიგნს ბიჭებიც წაიკითხავენ, მიხვდებიან, იკამათებენ, გაბედავენ, მაგრამ გოგოები სხვანაირად ვიგრძნობთ. გოგოებმა ხომ ვიცით, როგორია და რას ნიშნავს, გიყვარდეს ის კაცი, რომლის სიყვარულიც არ შეიძლება. მე ზუსტად ვიცი, როგორია, გიყვარდეს იანუსივით ორსახიანი ბიჭი, ერთი სახით შენ რომ გიყურებს და მეორეთი სხვა ქალს. მე ვიცი, როგორია, შენს სხეულს ბზარები რომ უჩნდება მაშინ, როცა ამავე სხეულიდან ობობებს აძლევ დასაბამს. ისიც ვიცი, ჩემი მომზადებული სასმელი ორისთვის, ჩვენთვის, ვერასდროს იქნება სრულყოფილი იმ ქალის გემოს გარეშე, რომელიც ჩემზე მეტად ეყვარება იმ მეორეს, რომლისთვისაც ვამზადებ სასმელს.  კიდევ? კიდევ მხოლოდ გოგოებმა ვიცით, როგორი გემო აქვთ ცრემლებს,რომლებიც მაშინ მოგვდის,როცა ჩვენგან წასულები უკან დაგვიანებით ბრუნდებიან.  ან საერთოდაც, არ ბრუნდებიან. ჩვენ ვიცით ის ტკივილი, ის ქალი რომ გრძნობს, რომელსაც ჩვენი საყვარელი მამაკაცი უყვარს. მე ვიცი, როგორია, იყო ისე, თითქოს არაფერი მომხდარა და ამ დროს სამყარო თავზე გენგრეოდეს, კიდევ ერთი სანტიმეტრით იზრდებოდეს შენი ტკივილი და გეუბნებოდნენ,რომ ყველაფერი კარგადაა და ყველაფერს გაუძლებ. არ ვიცი,როგორ უნდა აღწეროს ერთმა ადამიანმა სხვების ტკივილი ისე ზედმიწევნით, როგორც სალომემ აღწერა ამ წიგნში ჩემი და ჩემნაირი გოგოების ფიქრები,შიშები, მოლოდინები, იმედები, სიყვარულები, ცრემლები. სალომეც რომ ჩვენნაირი გოგო არ იყოს, არ მგონია, ეს მოეხერხებინა. ვიცი, საკლუბო პოსტის ფორმატს ვარღვევ, უბრალოდ, სხვანაირად არ შემიძლია, ახლა არ შემიძლია, ამ წიგნზე არ შემიძლია სხვანაირად წერა. მე ვწერ, რაც ვიცი, რასაც ვგრძნობ და დამიჯერეთ, ეს ყველაფერი ამ წიგნში წერია. წიგნის ბოლო ფურცელზე ჩემი ტირილები დავწერე, რიგით მერამდენე ტირილი რომელ პერსონაჟზე. ვთქვათ, ,,პირველი ტირილი – ეფი“. ბოლო ტირილის ნაცვლად, უკანასკნელ პერსონაჟზე, ვწერ, რომ მე ვარ ანა-ულრიკე. მაგრამ მე ყველა პერსონაჟი ვარ ამ წიგნში. ამას ყველა გოგო იტყვის. ყველა გოგო იპოვის საკუთარ თავს წყალზე მდგარ ქალაქში. უმეტესობა იტირებს, უმეტესობა სახელს შეიცვლის,ზოგი შეიძლება, კაცებშიც გაერკვეს, მაგრამ მთავარი ალბათ ისაა ( ამ მომენტში ეს მგონია ზუსტადაც), რომ იცი, არსებობს ამქვეყნად ადამიანი, არსებობს ამქვეყნად წიგნი,რომელიც შენი ისტორიაა, რომელშიც შენ წერიხარ და იქიდან გამომდინარე,რომ ნათქვამი ტკივილი უფრო ნაკლებად გვტკივა, ალბათ ტკივილის გაქრობამდე უნდა ვილაპარაკოთ. უნდა ვილაპარაკოთ,ვწეროთ,ვიგრძნოთ,იქამდე,სანამ ტკივილი არ გაქრება,სანამ ხეებად არ გადავიქცევით, სანამ ფორთოხლის კანის სუნი არ აგვივა, სანამ ობობის ქსელებიდან თავის დაღწევას არ მოვახერხებთ, სანამ არ შევძლებთ, სრულყოფილად დავხაზოთ საკუთარი პიროვნებების რუკები, სანამ მკერდზე იები არ ამოგვივა, არ ვიცი, ბევრი რამ შეიძლება მოვიმიზეზოთ წერისა და ზოგადად, ცხოვრების გასაგრძელებლად. მაგრამ მე ახლა ისიც მყოფნის, რომ ,,ყველა გოგოს შეუძლია, იყოს ქალღმერთი, თუ მოინდომებს“. შეუძლიათ ქალღმერთობა გოგოებს, უცილობლად.salome

Advertisements